რა არის ღვინო?

ღვინის ყველაზე მარტივი განმარტება ასე ჟღერს: - ღვინო - ესაა პროდუქტი, რომელიც მიღებულია ყურძნის წვენის სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად. ღვინისთვის უნდა გამოვიყენოთ მწიფე ყურძენი, სასურველია Vitis Vinifera-ს სახეობის (ვაზის ყველა ევროპული ჯიში, მათ შორის, ცხადია, ქართული ჯიშებიც, Vitis Vinifera-ს სახეობას მიეკუთვნება). ღვინო მსოფლიოს ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია, რადგან იგი აუარება განსხვავებული საღვინე ვაზის ჯიშისგან მზადდება ერთმანეთისგან ასევე სრულიად განსხვავებული მეთოდებით და ტექნოლოგიებით. ღვინო შეიძლება იყოს ცქრიალა, მშრალი, ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, შემაგრებული... ღვინოს აყენებენ უჭაჭოდ და უკლერტოდ, ასევე ჭაჭით, ან ჭაჭით და კლერტით ერთდროულად, ლექზე დაყოვნებით... აყენებენ ქვევრში, მუხასა და ბეტონის ავზებში, უჟანგავ ფოლადსა თუ მინაში. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღვინოები დგება ცხელ და გრილ რეგიონებში, მშრალი ჰავით ცნობილ და ნესტიან მხარეებში... კიდევ ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება და სწორედ ამიტომაა, რომ ყველა ღვინო განსხვავდება ერთმანეთისგან, ყოველ შემთხვევაში, ყველა ნამდვილ ღვინოს თავისი განუმეორებელი ხასიათი აქვს და მისი გასინჯვისას სწორედ ამ გამორჩეულობით ვტკბებით ხოლმე ღვინის მოყვარულები.

Comments