ღვინის ისტორია

მსოფლიო ღვინის ისტორია, როგორც გითხარით, ჩვენი რეგიონიდან იწყება, ამიერკავკასია (ახლანდელი საქართველო, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი) ის მხარეა, სადაც ვაზის გაკულტურება მოხდა და საიდანაც გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში საღვინე ვაზის ჯიშები. სხვადასხვა კულტურაში და ეპოქებში ღვინოც სხვადასხვანაირი იყო. მაგალითისთვის, ანტიკურ სამყაროში ღვინოში ყველაზე მეტად მაღალ შაქრიანობას აფასებდნენ და შესაბამისად ძველბერძნული და რომაული ღვინოები მაღალი სპირტიანობით გამოირჩეოდა. ასეთი ღვინოები ძალზე ექსტრაქტულები იყო, ანუ ლიქიორისებრი კონსისტენცია ჰქონდა. რომში ზოგიერთ ღვინოს ხილფაფის სისქე ჰქონდა, ეს, ფაქტობრივად, ღვინის კონცენტრატი იყო. არსებობს ცნობები ფხვნილივით „ღვინის" შესახებ. ბუნებრივია, ასეთ „ღვინოს" აზავებდნენ ხოლმე და წყალთან ერთად მიირთმევდნენ. საქართველოშიც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირი ღვინო ფასობდა. ვახტანგ VI-სა და ვახუშტი ბატონიშვილის ეპოქაში ძალიან აქებდნენ ნაზ ღვინოს, ატენურს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცქრიალა ღვინის ერთ-ერთი პროტოტიპია მსოფლიოში. ასეთ ღვინოებს სხვაგანაც არაერთგან აყენებდნენ უძველესი დროიდან მოყოლებული, ვიდრე შამპანურის გამოგონებამდე. მოკლედ, ღვინის ისტორია გემოვნების ისტორიაცაა, იმდენად საინტერესოდ ვითარდებოდა ღვინის დაყენებისა თუ დაძველების მეთოდები. შუა საუკუნეების ევროპული ღვინო განსხვავდებოდა ანტიკური ღვინისგან, ბურგუნდიული თეთრი ღვინო, რომელსაც ლუი XIV სვამდა XVII საუკუნის ბოლოს, ცოტა რამით ჰგავდა თანამედროვე თეთრ ბურგუნდიულს. სტილები ხანდახან ათწლეულებში იცვლება ხოლმე. მაგალითად, მსოფლიოში, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ძლიერი, მუხით გაჯერებული წითელი ღვინოები იყო მოდაში, დღეს კი უფრო მეტად ჯიშურ ან ადგილის გემოებს ეძებენ და უფრო მეტად ელეგანტურ ღვინოებს აფასებენ, ვიდრე ძლიერ, ჩახარშულ, მუხით გადავსებულს. 70-80-იანი წლების საქართველოში წარმოებული თეთრი კლასიკური ღვინოები (ჩვენ რომ ევროპულს ვუწოდებთ), მაგალითად, წინანდალი, ცოტა უფრო მეტად დაჟანგული იყო, ვიდრე ახლანდელი წინანდლები (მაშინ წინანდალს, როგორც წესი, მუხაში აძველებდნენ, დღეს კი ყველა არ აძველებს წინანდალს მუხაში), განსხვავებული იყო მუკუზანიც.

Comments